“თუთარჩელა” - მთვარის შუქის ნათება
“თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად შეგიძლიათ კიდეც გვაცინოთ და კიდეც გვატიროთ...”
პროგრამა იმდენად დინამიურად არის დალაგებული, შეიძლება მაქსიმუმ აპოთეუზამდე მივიყვანო რაღაცა და მერე ვაჩვენო ძალიან დიდი სინაზე ქალის. ეს კონტრასტები მეც ძალიან მომწონს და მსმენელსაც... – თამარ ბუაძე
ლოში ბირაფა – სახუმარო სიმღერა, ყველა კონცერტი ამ სიმღერით მთავრდება, ჰეია მოლი – სასიყვარულო სიმღერა, აწი შკულე, ხორონი – ლაზური ხორუმი, რომელიც ქალთა ხორუმის ცეკვით სრულდება – ეს ლაზური სიმღერების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს, თუმცა ანსამბლ “თუთარჩელასთვის” მთელი ცხოვრებაა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისთვის, ლაზური სიმღერა ჯერ კიდევ სადაო თემაა, ანსამბლი საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და ევროპაში საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა. ეს კი უპირველეს ყოვლისა, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე გვეუბნება: - საქართველოს პატრიარქის დამსახურებაა. “ეს ახალი შექმნილი ფოლკროლია. ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერები იყო მცდელობა იმისა, რომ ერთ ხმიანი ლაზური სიმღერა სამ ხმაში შეგვესრულებინა. იგი ძალიან სადაო და საკამათოა, რადგან არავინ არ იცის, იყო თუ არა ლაზური სიმღერა სამ ხმიანი. მეცნიერები ამ საკითხზე ვარაუდის დონეზეც კი ვერ ჯერდებიან. პატრიარქის სურვილი კი ის იყო, რომ ლაზური სიმღერის ქართულობა დამტკიცებულიყო.”
ანსამბლი “თუთარჩელა”
ანსამბლი მუსიკოს თამარ ბუაძის და მისი მეგობრების ძალისხმევით 2004 წელს ჩამოყალიბდა. თუმცა მაშინ გეგმაში მხოლოდდამხოლოდ ქალთა გუნდის დაარსება იყო. პირველი შეხვედრა ამავე წელს ქუჩაში ალილოზე შედგა. მაშინ მოსახლეობას საშობაო რიტუალით შობა ახალი წელი მიულოცეს. ცოტა მოგვიანებით კი თამარ ბუაძის და ლაზი ქალბატონის ნაზიბროლა მინიშიშის ერთობრივი ძალისხმევით ლაზური სიმღერებიც დამუშავდა. “ქალბატონი ნაზიბროლა ჩემი მეზობელი გახლავთ. მან იცოდა, რომ მე მუსიკოსი ვიყავი და მთხოვა ჩამეწერა ის სიმღერები, რომლებიც ფაქტიურად იკარგებოდა. იგი თავადაც წერს სიმღერებს და წინაპრებისგან გადმოცემულსაც ინახავდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ სიმღერებზე. გავწმინდეთ თურქულისგან, როგორც მელოდია აგრეთვე ტექსტი და სამ ხმაშიც დავამუშავეთ. მე თვითონაც დავწერე რამდენიმე ლაზური ხალხური სიმღერა ლაზურ ლექსებზე და ასე შეიქმნა ანსამბლში ლაზური სიმღერების ციკლი, რომელმაც ფაქტიურად განსაზღვრა ჩვენი ბედი.” – იხსენებს თამარ ბუაძე.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ანსამბლის ბედი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის, ფოლკროლის კათედრის გამგემ, ბატონმა კუკური ჭოხონელიძემაც გადაწყვიტა. სწორედ მისი დახმარებით ანსამბლი 2004 წელს პატრიარქს შეხვდა და პირველი კონცერტიც გაიმართა. “პატრიარქმა კურთხევა მოგვცა, რომ ეს უდიდესი მამულიშვილური საქმე გაგვეგრძელებინა. მისი აზრით, ლაზური სიმღერების აღდგენა, საქართველოს და თურქეთს შორის დიდი პოლიტიკა იყო. ამ სიმღერებს ლაზ მოსახლეობაში ეროვნული გრძნობები, სული და მენტალიტეტი უნდა გაეღვიძებინა, რადგან უმრავლესობა მათგანი გათურქებულია.” _ აღნიშნავს ანსამბლის ხელმძღვანელი. სწორედ პატრიარქის დაფინანსებით ჩაიწერა და გამოიცა 2005 წელს ანსამბლ “თუთარჩელას” პირველი ლაზური სიმღერების ალბომი, რომელშიც აგრეთვე სხვადსხვა კუთხის სიმღერებიც შევიდა. ამ პირველი ალბომის რეალიზება კი უკვე ევროპაში მოხდა, რის შემდეგაც ანსამბლმა კიდევ ორი ალბომის გამოცემა შესძლო. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ალბომი ქალაქ კიონში, ტელე-რადიო ვედეერში ჩაიწერა. მათ ფონდში დღემდე ინახება ეს სიმღერები. 2005 წელს დაემთხვა გერმანელი კინოდოკუმენტალისტის და ამჟამად უკვე ანსამბლ “თუთარჩელას” მენეჯერის და პროდიუსერის ქალბატონ რუთ ოლშანის საქართველოში მოგზაურობა, რომელიც ქართულ სასიმღერო კულტურაზე ფილმს იღებდა. რუთ ოლშანის და ანსამბლ “თუთარჩელას” შეხვედრა ფესტივალ “არტ გენზე” შედგა. სწორედ აქედან მოხვდა მის ფილმში ანსამბლი, რომლის წევრებიც მხოლოდ ქალბატონები არიან. ფილმში კი მონაწილეობას ისეთი ჯგუფები იღებდნენ, როგორებიც არიან: “ლაშარი”, “შინი”, “ზუმბა” და სხვადსხვა ცეკვის ანსამბლები. როგორც თამარ ბუაძე აღნიშნავს: “ევროპელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქალბატონებისგან შემდგარი ანსამბლი, რომლებიც არა მარტო მღერიან, არამედ ცეკვავენ კიდეც, რასაც თან ახლავს, როგორც ქალური სინაზე, აგრეთვე მამაკაცური ვაჟკაცობაც.” ფილმის ნახვის შემდეგ კი საქართველოში სტუმრობა და ანსამბლის გაცნობა ვინთერ ტურიდან 50 ქალბატონმა გადაწყვიტა. მათ აქ რამდენიმე სიმღერაც შეისწავლეს. 2006 წლის მაისში კი ანსაბლს თავადაც უმასპინძლეს შვეიცარიაში, სადაც ანსამბლ “თუთარჩელას” და “ზინგბაუენმის” ერთობრივი კონცერტები გაიმართა, რომელთა რეპერტუარში, როგორც ქართული ისე ევროპული სიმღერები შედიოდა. “ეს იყო არაჩვეულებრივი ტურნე, რომელმაც ფაქტიურად “თუთარჩელას” ევროპაში გზა გაუხსნა. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, წელიწადში სამჯერ მაინც გვიწევს ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალებზე ევროპაში გამგზავრება. მათ შორის მონაწილეობა მივიღეთ ისეთ ფესტივალში, როგორიც არის რუდოლშტატტის ფესტივალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა და თუ იქ მოხვდი, შეგიძლია იფიქრო, რომ გზა წარმატებისკენ ხსნილია. ამასთან მონაწილეობას ვიღებდით ლორახის, ტოგენბურგის, ჰანოვერის და სხვა ფესტივალებში.” – იხსენებს თამარ ბუაძე. ანსამბლი ყოველწლიურად საკუთარი პროგრამით მონაწილეობს თბილისის კონსერვატორიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, შვეიცარიელებთან ერთად მონაწილეობდა ფესტივალ “ჩვენებურებში”, არის ფოლკლორის ეროვნული დათვალიერების გამარჯვებული და ბათუმის საგუნდო ფესტივალის “2007 წელი” გრან-პრის მფლობელი. ორ წელიწადში ერთხელ კი საზოგადოებას საკუთარ სოლო კონცერტს სთავაზობს.
მასტერ კლასი
საინტერესო ალბათ სწორედ ის ფაქტია, რომ ფესტივალებზე მონაწილეობის დროს ანსამბლი მასტერ კლასებს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ “თუთარჩელა” არა მარტო ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა ევროპაში არამედ საგანმანათლებლო მოღვაწეობასაც. მასტერ კლასებში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი მომღერლები იღებენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული სიმღერით.
სამომავლო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი უკვე მეექვსე წელია ევროპაში ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ეწევა, მას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. “ჩვენ შეიძლება გვცნობდნენ ფოლკლორის ცენტრში, ფოლკ რადიოში და საპატრიარქოს რადიოში:” – ამბობს თამარ ბუაძე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ხელს სულაც არ უშლის ანსამბლს სამომავლო გეგმების განხორციელებაში. 2010 წელს გერმანიის ქალაქ ნუნებურგიდან რუსთავს ქალთა გუნდი ეწვევა, რომელიც ანსაბლ “თუთარჩელასთან” ერთად კონცერტებს გამართავს. 2011 წელს კი ანსამბლი თავად ემზადება ტურნესთვის. ამ ეტაპზე პატარა პაუზა გააკეთეს, რომ ახალ პროექტზე იმუშაონ. სურვილი აქვთ მათი შემოქმედება უფრო საინტერესო გახდეს. გოგონები ქორეოგრაფიით დაიტვირთნენ და რეპერტუარში პროფესიული მუსიკაც შემოიტანეს. “ჩვენ ამის განათლება და შესაძლებლობა გვაქვს და ვფიქრობ რომ ფოლკროლთან შეჯერებული პროფესიული მუსიკა ძალიან საინტერესო იქნება. მინდა მომავალი წელი მთლიანად ლაზურ სიმღერას მივუძღვნა, იმიტომ რომ ეს ის თემაა, რომლითაც პირველად ანსამბლმა “თუთარჩელამ” დაიწყო. ჩვენ ხომ ლაზური სიმღერით გვიცნობენ. აგრეთვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა რუსთავის მერს ბატონ მამუკა ჩიქოვანს, ქალაქის კულტურის სამსახურს და ქალბატონ ნინო ბასილაშვილს რადგან მათი ძალისხმევით მოხდა, რომ ანსამბლი წელს დაფინანსებული იქნა. მართალია ეს თანხა გათვალისწინებულია ჩვენი ხელფასებისთვის, მაგრამ მას ანსამბლის სამომავლო გეგმებისთვის გამოვიყენებთ. მიზნად მაქვს კიდევ ახალი ალბომის ჩაწერა. ფორმები უნდა შევიკეროთ სხვადსხვა ხასიათის. ცოტა მოდერნი მინდა შევიტანო. მაგალითად სამაიას ფორმა მინდა შევკერო და სამაიას ცეკვა მინდა დავდგა სიმღერასთან ერთად. ჩვენ ისეთ სიმღერას ვმღერით, რომ არ შეიძლება ხელი არ გაშალო. ეს არ არის აკადემიური და კლასიკური ცეკვა, ჩვენს ინტერესებში შედის ისეთი ცეკვა და სიმღერა, როგორც იცეკვებენ და იმღერებენ მაგალითად გლეხები სოფლებში.” _ აღნიშნავს თამარ ბუაძე.
მუსიკოსი და ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით. წლების განმავლობაში 2 სამუსიკო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, 2006 წლიდან კი თვითონ ხელმძღვანელობს. მისი ჩამოაყალიბებულია ვაჟთა ანსამბლი “ლაზარე”, “ბარაკონი”, თუმცა როგორც თავად აცხადებს “ყველაზე სერიოზული ნაბიჯი მაინც ქალთა ანსამბლი “თუთარჩელაა”. ამჟამად პედაგოგების გუნდს აყალიბებს, რადგან თვლის, რომ მუსიკის მასწავლებელები ნაკლებად ეწევიან შემოქმედებით გზას: “მინდა მთელი ქალაქის მუსიკის პედაგოგებს მოვუწოდო, რომ ჩვენთან მოვიდნენ. სიმღერა აუცილებელია მუსიკოსთვის, იგი ეხმარება ადამიანს ყველაფერში. ჩვენთან არ არის ეს კულტურა, თორემ შვეიცარიელი ქალბატონები მთელი დღე სამსახურში არიან, საღამოს მიდიან სახლში და მღერიან. ისინი პროფესიონალი მუსიკოსები სულაც არ არიან, არადა არაჩვეულებრივად მღერიან, მათ შორის როგორც ქართულს ასევე ლაზურ სიმღერებს. სიმღერა მათი ჰობია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კულტურა ჩვენთანაც უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ჩვენ უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ და ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით, დიდი სიყვარულით და რაც მთავარია ენთუზიაზმით მივაღწიეთ. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ანსაბლის ყველა წევრს, მაშინდელ ქალაქის მერს ბატონ მერაბ ტყეშელაშვილს, ფოლკლორის ცენტრის დამსახურებაა, რომ შევიძინეთ ეროვნული სამოსი და ინსტრუმენტები. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ღმერთის მიერ დანახული შრომაა.”
пятница, 26 марта 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)