19 მაისი – მე წიგნის ფესტივალზე
მზევინარ ხუციშვილი
ფილარმონიის ფოიეში, რომ შევედი ბესო ხვედელიძე საუბრობდა. სწორედ იქ მოეწყოთ საპრეზენტაციო ადგილი. ბესომ წიგნი “39 მოთხრობა” წარმოგვიდგინა, რომელიც ჟურნალ ლიტერატურული პალიტრის რჩეულ მოთხრობათა კრებულია. როგორც ცნობილია ჟურნალი 5 წელია უკვე გამოდის. კრებულში სწორედ ამ დროის განმავლობაში ჟურნალში დაბეჭდილი, სხვადასხვა ავტორის საინტერესო ნაწარმოებებია შესული, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაზე. მათ შორის არის: ვაჟა გიგაშვილის – “თხები” – ციკლიდან მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს, ირაკლი ლომოური “ბიბოლი” – ციკლიდან ყველა გზა დედლამში, გურამ მეგრიშვილი “ჯვარცმობანა, მიშა ბახსოლიანის “სიზმრების კვირეული”, ნიკუშა ანთაძე “ლაბირინთი” და სხვების. სიტყვის დასრულების შემდეგ, ყველა მე-3 სართულზე მიგვიპატიჟა წიგნის შესაძენად. სხვებთან ერთად მეც ავუყევი კიბეებს. ჯერ მეორე სართული შემოვიარე. ყველა გამომცემლობის ადგილი დავათვალიერე და უკვე ცუდ ხასიათზე დავდექი. მესამე სართულის კიბეებს, რომ ავუყევი ახლობელი შემხვდა და მითხრა: - ძალიან ვისიამოვნე და ერთი ორი წიგნიც შევიძინე. გამიხარდა, რომ ამის საშუალება ქონდა. მესამე სართულიც დავათვალიერე და უკვე საერთოდ აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. გამომცემლობა “პალიტრა L-ის” განკუთვნილ ადგილთან ისევ ბესოს გადავეყარე და ხასიათზე, რომ მოვსულიყავი გავესაუბრე. ჯერ წიგნზე მესაუბრა: “ლიტერატურული პალიტრის 5 წლისთავთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ პატარა საიუბილეო ანთოლოგია გაგვეკეთებინა ჟურნალში დაბეჭდილ მოთხრობათაგან. დაახლოებით 150 მოთხრობიდან 39 ამოვარჩიეთ. 39 იმიტომ, რომ არ გვინდოდა ბანალურ ციფრებზე შევჩერებულიყავით. წიგნი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რადგან სხვადასხვა ასაკის და გემოვნების მწერლების მოთხრობები შევიდა.” შემდეგ ფესტივალზე: “ფესტივალი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვის ვინც ერთგული დარჩა წიგნის და წერა-კითხვას არ უღალატა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა ცოდნის მიღების საშუალებას. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა წიგნის ფასი ჯერ არ იციან. ახალი ჩანაცვლებები მოხდა. ახალი გასართობი. კარგი ის არის, რომ ფილარმონიაში გადმოვიდა ფესტივალი. დიდუბეში ხალხს უჭირდა მისვლა. ეს ისეთი ადგილია, უბრალო გამვლელიც კი შემოვა.”
საუბრის დასრულების შემდეგ ისევ წიგნებს მივუბრუნდი. დიდი მხატვრების კატალოგები: კლიმტი, დეგა, და ვინჩი, გოგენი... შემდეგ კარცერ ლუქსთან შევჩერდი. ეს ის ადგილია, სადაც 10 წუთის განმავლობაში საყვარელი ნაწარმოებიდან კითხულობ ნაწყვეტს და გჩუქნიან წიგნს. მაგრამ იმდენი ადამიანი ელოდებოდა, რომ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. გზად გამომცემლობა “ზებრას” ხელმძღვანელს ნატო კვარაცხელიას შევხვდი: “ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც გამომცემლებისთვის ასევე მკითხველისთვის წიგნის ფესტივალი, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი გამომცემლებს საშუალებას აძლევს წარმოადგინონ თავიაანთი პროდუქცია. გვაქვს ფასდაკლებები, რაც ვფიქრობ მკითხველისთვის სასიამოვნოა. როცა მე უბრალოდ მკითხველი ვიყავი ყოველთვის მოვდიოდი აქ, როგორც დღესასწაულზე და ამიტომ ვფიქრობ, იგი ყველა მკითხველისთვის დღესასწაულია. ასეთ ფესტივალებზე ფართო საშუალება გვაქვს ჩვენი წიგნების წარმოდგენის, რათა მკითხველმა გაგვიცნოს.”
მკითხველი ნამდვილად გაეცნო ფესტივალის 80-მდე მონაწილეს და მათ გამოცემებს. მათ შორის არიან, როგორც ახალბედა ისე უკვე კარგად ცნობილი ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, ინსტიტუტები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. წიგნების მხრივაც რა თქმა უნდა დიდი მრავალფეროვნებაა: ჟანრი, ენა, სტილი, მიმართულება მნიშვნელობა არ აქვს. არჩევანი დიდია, საინტერესო ძალიან ბევრი. თუ ამდენი კარგი წიგნის ნახვამ თავბრუდამახვია, რადგან მათ ნახევარსაც კი ვერასდროს ვერ შევიძენ, ხასიათზე იმ პატარების დანახვამ მომიყვანა, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე ბავშვობაში წიგნის ფესტივალებზე არ მივლია და მიყვარს წიგნი, მაგრამ, ალბათ, ნაწილობრივ მაინც განსაზღვრავს ამ პატარების მომავალს ასეთი დღეები. მითუმეტეს, როცა ფესტივალზე მისული ადამიანები უამრავ სიახლეს ეცნობიან თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებების და საგამომცემლო საქმიანობის. ამასთან ხდებიან სხვადასხვა ტიპის აქციების მონაწილეები.
პირველ სართულზე, რომ დავბრუნდი გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნის – “მომავალი წარსული” პრეზენტაცია მიმდინარეობდა. წიგნი გამომცემლობა “სიესტა”-მ გამოსცა და ავტობიოგრაფიული რომანია. როგორც თავად ბატონი გივი მომიყვა: “ეს არის საბჭოური, ძალიან რთული პერიოდი, როცა არსებულ რეჟიმთან სამწუხაროდ, აქტიურად თანამშრომლობდა ბევრი ცნობილი მწერალი. ეს არის ამავე დროს 90-იანი წლების სისხლიანი პერიოდი, რომელიც ყველამ წესიერად ვერ გაიარა და პირიქით, იყო უამრავი არა მხოლოდ ღალატი, არამედ ბევრი კრიმინალური შემთხვევა. როცა ამ წიგნის ჯერ კიდევ გარკვეული ნაწილი დაიბეჭდა, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება იყო გარკვეული ადამიანებისგან. პერსონაჟებისგან, რომლებმაც ჩემს წიგნში საკუთარი თავები ამოიცნეს. თუმცა მე კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ. ნატურიდან არ გადამიხატია პერსონაჟები. ეს არის კლეფსიტი. მაგრამ ვინც ჩემს წიგნში თავს ამოიცნობს, მე მათ ვერანაირად ვერ გადავათქმევინებ, რომ ის არ არის.
რაც შეეხება წიგნის ფესტივალს დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვი. იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ მისი ერთ-ერთი პირველი მონაწილე და ფრანკფურტშიც ვიყავი ამ ფესტივალის ეგიდით. ეს არის შესანიშნავი ტრადიცია და რაც უფრო მეტად გაფართოვდება და ღრმად გაიდგამს ფესვს მით უკეთესი ჩვენი მკითხველისთვის.”
ბატონი გივის წიგნის შემდეგ, გამომცემლობა “სეზანის” პროექტის “ჩვენ და “ვეფხისტყაოსანი” პრეზენტაცია შედგა. პროექტის ავტორებმა ხუთტომეული წარმოადგინეს: 1. “ვეფხისტყაოსანი” – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ბოლო რედაქციით. 2. მოგითხრობთ “ვეფხისტყაოსნის” შესახებ – 200-მდე ავტორის ენციკლოპედიური კრებული შოთა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. 3. “ვეფხისტყაოსანს” მოგითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია – პოემის პროზაული ვერსია, რომლის ავტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული. ტექსტს ერთვის მხატვარ მამია მალაზონიას ილუსტრაციები. 4. “ვეფხისტყაოსანს” წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი – პოემის უძველესი ხელნაწერებისა და მხატვარ მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილი 52 ფოლიანტი, რომელსაც თან ახლავს ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ესსე ქართულ და ინგლისურ ენებზე. 5. “ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2008 წლები – ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პოემის 300-ზე მეტი გამოცემის ჩამონათვალი. ფილატელისტური “რუსთველიანა” პაატა ნაცვლიშვილმა წარმოგვიდგინა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი უფრო ფართოდ გაიდგამს ფესვებს. ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ამ პროექტის მიმართ, რაც ხშირად არ ხდება და არ ხდება ყველა წიგნთან მიმართებაში ხოლმე. საქართველოს მაშტაბით გვქონდა პრეზენტაციები, ახლა საუბარია, რომ ისრაელშიც შედგეს შეხვედრა. რაც ყველაზე მთავარია ეს პროექტი ღიაა, გახსნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. შესაბამისად პროექტი სათანამშრომლოდ იწვევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს რუსთაველთან ან უნდა, რომ ქონდეს. ყველასთვის ვისაც რაიმე საინტერესო ინფორმაცია, ფაქტი თუ მასალა აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამომცემლობა, პროექტის ხელმძღვანელი შავლეგ შავერდაშვილი, რედაქტორი ლევან ღვინჯილია, პროექტის ავტორი მანანა კარტოზია და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მზად იქნება თქვენი წინადადება გათვალისწინებული იყოს.” საინტერესოა ისიც, რომ ხუთტომეული სპეციალურად თექით შეიფუთა, რომელიც ქეთი გაგნიძემ მოამზადა.
როგორც ვთქვი კარგი და საინტერესო ძალიან ბევრია. გაგვანებივრეს ორგანიზატორებმა. მაგრამ მინდა ფესტივალის მონაწილე ყველა ავტორს და გამომცემლობას, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მკითხელმა დიდი მადლობა ვუთხრა და ბოდიში მოვუხადო, რადგან უბრალოდ შეუძლებელია თითოეულ მათგანზე კონკრეტულად ისაუბრო. გისურვებთ წარმატებას...
P.შ. შინ, რომ ვბრუნდებოდი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი და ჩემი ყურადღება იქვე, ოჯახიდან გასაყიდად გამოტანილმა წიგნებმა მიიქცია. კიდევ ერთხელ გული დამწყდა და აზრმა გამიელვა, მაგრამ მინდა იმედიანად ვიყო, რომ ამ დღეებში ფილარმონიაში გაყიდული წიგნები მომავალში მათ ბედს არ გაიზიარებენ...
четверг, 20 мая 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)