понедельник, 2 ноября 2009 г.

ქართული “PLAYBOY”
ჟურნალი არ არის ეროტიკული, ის არის ჟურნალი მამაკაცებისთვის
მართალია აზრთა სხვადასხვაობით, მაგრამ უცხოური პრესა საქართველოში მაინც დიდი ინტერესით შემოდის. რატომღაც ქართული კერძო კომპანიები თუ გამომცემლები ცდილობენ თავიაანთი ინტერესები უცხოელ რედაქტორებს დაუკავშირონ და მათი ჟურნალების პოპულარიზაციაზეც იზრუნონ. და მაინც, როგორი რეიტინგით სარგებლობენ ისინი და რამდენად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის თუ მენტალიტეტისთვის. რუბრიკა “უცხოური პრესა” წარმოგიდგენთ ჟურნალ “PLAYBOY”-ის რედაქტორს ნიკო ნერგაძეს.
ნიკო ნერგაძე _ პროფესიით სოციოლოგია, თუმცა სტუდენტობიდან მუშაობს მედიაში, რომელიც გაზეთ “7 დღიდან” დაიწყო. მას შემდეგ თანამშრომლობს მედიის სხვადასხვა საშუალებებთან, აგრეთვე ჟურნალ “ანაბეჭდთან” და იყო ჟურნალ “ოზონის” მთავარი რედაქტორი. კითხულობს ლექციებს “ჯიპაში” (საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტი).
“PLAYBOY”-ის მოკლე ისტორია - პირველად 1953 წლის ბოლოს ამერიკაში გამოვიდა. მისი მთავარი რედაქტორი და გამომცემელი ჰიუ ჰეპნერია. ხოლო ნომრის ქალბატონი მერლინ მონრო. აღსანიშნავია, რომ პირველი ნომრის გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასთან თანამშრომლობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მათ შორის სალვადორ დალი, ნაბოკოვი, ფიდელ კასტრო და სხვები. ჟურნალი ოფიციალურად 23 ქავეყანაში გამოდის. წლის ბოლოს იგი ესტონეთშიც გამოვა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის კი საქართველო მესამე ქვეყანაა. უნდა აღინიშნოს, რომ იგი თითქმის ყველა ქვეყანაში ლიდერობს, თუმცა ყველაზე წარმატებულ გამოცემად მაინც ბრაზილიასა და გერმანიაში ითვლება. “PLAYBOY”-ის პირველივე ქართულმა ნომერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრმა ის გარყვნილების წყაროდ მიიჩნია და ქართული ტრადიციების ნომერ 1 დამრღვევად დაასახელა, ქართველი ქალბატონების სკანდალური ფოტოების გამო. სწორად გათვლილი მენეჯმენტის წყალობით ჟურნალმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ბეჭვდით მედიაში და სავარაუდოდ, იგივე ხარისხის, მაგრამ სხვა ფორმატის ქართული ჟურნალების ტირაჟებს ბევრად აჯობებს.
- ჟურნალის გამოცემის იდეა, როგორ დაიბადა?
- უნდა გითხრათ, რომ მე ჟურნალის დამფუძნებელი არ ვარ, ამიტომ არც იდეა მეკუთვნის. უბრალოდ მთავარ რედაქტორად ვმუშაობ. გავიგე, რომ აპირებდნენ ამ ჟურნალის გამოცემას და ჩემი განაცხადი შემოვიტანე.
- ვინ არიან დამფუძნებლები?
- იცით, როგორ არის, საერთოდ როცა რაღაცის გამოცემას აპირებენ მნიშვნელოვანია ინტერესთა თანხვედრა. ესენი არიან კერძო ჯგუფები, რომლებიც მუშოაბენ საგამომცემლო საქმეებზე. ზუსტად ვერ გეტყვით, ბევრი სხვადსხვა კომპანიაა ჩართული ამ საქმეში. ამერიკელების და ჩვენი გამომცემლების ინეტერსები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა.
- შენ პირადად იყავი ამერიკაში წასული...
- როდესაც ჩემი კანდიდატურა მიიღეს, მე და არტ-რედაქტორი ვიყავით კონსულტაციის მისაღებად. იქ შევხვდით საერთაშორისო გამოცემის უფროსს. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ცხოვრობს კალიფორნიაში, რომელიც არც ისე ახალგაზრდაა და ამიტომ ამ საქმეებს ნაკლებად ეხება. იქ ყოფნის პერიოდში გავეცანით სისტემას, საერთოდ როგორ მუშაობდნენ.
- დაფინანსება, როგორ ხდება, ისინი გაფინანსებენ?
- პირიქით, ფინანსები იქით მიდის. ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ჩვენი ქართველი გამომცემლები უხდიან ამერიკელებს წელიწადში რაღაც გარკვეულ თანხას.
- თქვენ რატომ დაინტერესდით, რომ საქართველოში ასეთი ტიპის ჟურნალი გამოსულიყო?
- ჩემთვის პირადად დიდი პატივია, რომ ამირჩიეს, რადგან თვითონ ჟურნალი მსოფლიოში არის ყველაზე ცნობილი მამაკაცების ცხოვრებისა და სტილის შესახებ, რომელსაც აქვს დიდი ხნის ისტორია. ამასთან, ამ ჟურნალში წერდნენ ძალიან ცნობილი ადამიანები, ფაქტიურად ყველა, ვინც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა.
- ქართული მენტალიტეტისთვის რამდენად არის მისაღები ამ ტიპის ჟურნალი, ან საზოგადოების რა ნაწილზე აკეთებთ გათვლას?
- პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არ არის თემატურად ვიწრო ჟურნალი. იგი არის ჟურნალი მამაკაცებისთვის და არა ეროტიკული, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის. ეროტიკული ჟურნალები ძირითადად უფრო ვიწრო თემატიკისაა და უფრო სხვა სპეციფიკით კეთდება. მართალია, ჩვენთან არის ეროტიკული ფოტოები, მაგრამ თუ თვითონ ჟურნალის შინაარს გადაავლებთ თვალს, არ არის მაინც და მაინც სექსზე და ეროტიკაზე. არამედ ისინი შეეხება ყველაფერ იმას, რაც შეიძლება მამაკაცს აინტერესებდეს.
- თუმცა საზოგადოება მაინც თვლის, რომ იგი ეროტიკული ხასიათისაა...
- ალბათ ისევ და ისევ ფოტოების და ფოტო სესიების გამო, რომლებიც წლების განმავლობაში სხვებს ჯობდა და სხვებზე უკეთესი იყო. ჩვენი დამოკიდებულება კი ასეთია, რომ ჩვენ ვაშუქებთ ყველაფერ იმას, რაც შეიძლება აინტერესებდეს მამაკაცს, მათ შორის, რა თქმა უნდა ქალიც, მაგრამ მხოლოდ ამით არ ამოიწურება.
- თემატიკა როგორ ირჩევა?
- გამოცემებს შორის შეთანხმება არ ხდება. როგორ გითხრათ ჟურნალს აქვს სულ 23 საერთაშორისო გამოცემა. ყველა გამოცემა თვითონ წყვეტს, როგორი ჟურნალი გააკეთოს. იდეაში შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს მხოლოდ ადგილობრივი მასალები და შეიძლება იყოს მხოლოდ ნათარგმნი. მაგრამ არც ერთია სახარბიელო და არც მეორე, რადგან პირველ შემთხვევაში ანუ მხოლოდ ჩვენი თემებით დავკარგავთ ძალიან ბევრ კარგ მასალს და ფოტოებს, რომლებიც სხვა გამოცემებში გადის. მხოლოდ მათი მასალები კი ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად იქნება საინტერესო. უბრალოდ ამ ყველაფერს რაღაც შუალედი უნდა ქონდეს. პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოვდივართ ისევ ქართველი მკითხველის ინტერესებიდან, ამიტომ მთავარი გამოცემა სრულებით გვანდობს რა გავაკეთოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის.
– მასალები ითარგმნება?
– საერთოდ ჩვენ გვინდა პროცენტული თანაფარდობა 70-30-ზე იყოს. ანუ 70% იყოს ადგილობრივი მასალა თავის ფოტო სესიებთან ერთად, ხოლო 30% ავიღოთ ამერიკული და სხვა გამოცემებიდან. თავდაპირველად ცოტა მეტია თანაფარდობა, სანამ საქმეს ავაწყობთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვიღებთ ისეთ მასალებს, რომლებიც მკითხველს დააინტერესებს. მეორე ნომერი, რომელზეც ვმუშოაბთ დაახლოებით ასეთი ხასიათის იქნება – ვთარგმნეთ სტატია “სექსი ირანში”. ირანი ჩვენი მეზობელი ქავეყანაა და ჩავთვალეთ, რომ საინტერესოა. გვექნება ერთი ფოტო სესია, რომელიც ავიღეთ პოლონელებისგან და ამერიკული მოთხრობა.
– ადგილობრივი მასალები დაახლოებით რა ხასიათისაა?
– ამის განსაზღვრა კონკრეტულად ცოტა რთულია. იგივე მეორე ნომერში იქნება ინფორმაცია ფიტნესის შესახებ, აგრეთვე ლიტერატურული პუბლიკაციები. საერთოდ არანაირი თემატიკით არ ვიზღუდებით, რადგან ვფიქრობთ, რომ მამაკაცებს ყველანაირი თემა აინტერესებთ.
– პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ თუ იყო წერილები ან ზარები რედაქციაში?
– გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. გვირეკავდნენ, მოდიოდნენ, გვიზიარებდნენ თავიაანთ შეხედულებებს. ისე ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია იყო. უმეტესობას თვითონ იდეა, ჟურნალი მოეწონა, თუმცა უფრო მეტს ითხოვდნენ.
– მეტს რას გულისხმობთ?
– რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი სტატიების მხრივ. იყოს უფრო მეტი ქართველი ქალების ფოტოები.
– ძირითადად რა ასაკის მკითხველი გამოგეხმაურათ?
– ყველა თაობის ადამიანები იყვნენ. საერთოდ ჩვენს ჟურნალს მსოფლიოში ფართო ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს. მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც ვთქვათ თინეიჯერების ჟურნალია.
– თანამშრომლები ბევრი გყავთ?
– მუდმივი თანამშრომლები ბევრი არ გვყავს. მხოლოდ სარედაქციო ნაწილი და დიზაინი. ჟურნალისტები ჰონორარებზე მუშაობენ.
– გაყიდვის ფასი?
– ფასი მე არ დამიდია, გამომცემლებმა გადაწყვიტეს ასე, თუმცა არ ვთვლი, რომ ძვირადღირებულია.
– პირველი ნომრისთვის შავი ფონი რატომ შეარჩიეთ?
– უბრალოდ პირველი ნომერი იყო და არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ემბლემა კურდღლის თავი ყოფილიყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ არ გაგვიკეთებია. ძალიან ბევრ გამოცემას ჰქონდა ასე გაკეთებული პირველ ნომერზე. მეორე ნომრიდან უკვე ქალების ფოტოები იქნება.
– ქართველი ქალების?
– კი. კონკურსიც იყო გამოცხადებული და ჩვენც ვმუშაობდით. ზოგი გვეთანხმება, ზოგი არა.
– როგორ ფიქრობთ წარმატებული იქნება ჩვენთან?
– ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი 15 თუ 16 ათასი უკვე გაიყიდა. შემდეგ როგორ იქნება დრო და ჩვენი მუშაობა გვიჩვენებს. პირველი მაინც ყველას აინტერესებდა, მაგრამ შევეცდებით მორიგი ნომრები უფრო საინტერესო იყოს.
– კმაყოფილი ხართ, როგორ თვლით იპოვეთ თქვენი თავი?
– ჯერ-ჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო ისე, როგორც ჟურნალის სახელს და ისტორიას ეკადრება. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
– ოჯახი რას ფიქრობს?
– ნორმალურად უყურებენ. სამუშაო პროცესი ჩვეულებრივია, ისევე როგორც ყველგან. სპეციფიკიდან გამომდინარე, უბრალოდ უფრო მეტ შიშველ სხეულთან გვაქვს ურთიერთობა.
P.R. ამჟამად მუშაობა მეორე ნომერზე მიმდინარეობს, რომელიც ორ კვირაში გამოვა. როგორც რედაქტორი გვეუბნება ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება პირველ ნომერთან შედარებით.
2007 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий