понедельник, 2 ноября 2009 г.

პანტანასას ღვთისმშობელი
ყოველთა დედოფლის სავანე
ზაჰესში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის, პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი, ყოველთა დედოფლის სავანე შენდება

პანტანასას ღვთისმშობელი XVII საუკუნის ხატია და მას დიდი ისტორია აქვს. ხატის ორიგინალი ათონის მთაზე, ვატოპეტის დიდ მონასტერში, ჩრდილოეთის კათოლიკონის ერთ-ერთ სვეტზეა დაბრძანებული და თავისი საოცარი თვისებებით გამოირჩევა. მას უამრავი სასწაული აქვს მოხდენილი და განსაკუთრებული შემწეა ონკოლოგიური დაავადებებისა. საოცარია, ალბათ ის ფაქტი, რომ ვატოპეტის მონასტრიდან ამ ხატის მხოლოდ სამადსამი ასლი არსებობს. ერთი, როგორც ვთქვით თვითონ ვატოპეტის მონასტერშია დაბრძანებული. ხატის პირველი ასლი მისი მეტოქიონისთვის დაიწერა, რომელიც ქსანცში თურქეთის საზღვართან ახლოს, რამოდენიმე კილომეტრში საოცარი სილამაზის, წყალზე მოტივტივე ტაძარშია დაბრძანებული, მეორე ასლი იოანე კროშტანტელის ხელმძღვანელობით დაიწერა და ჩამობრძანდა რუსეთში ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში, მესამე ასლი კი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიისთვის დაიწერა, რომელიც 2003 წელს ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი რაზმაძემ ჩამოაბრძანა. “ჩვენ გერონტა ეფრემთან გვაქვს ძალიან კარგი და დიდი ხნის ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ თხოვნით მივმართეთ მას, რომ სურვილი გვქონდა ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო. როდესაც ხატი მოგვქონდა, ათონის მთაზე შეხვედრის დროს გერონტა ეფრემმა გვითხრა: - “თქვენ არ იცით რამხელა წყალობა მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა საქართველოში.” ეს წყალობა მართლაც ნელ-ნელა ცხადდება და ადამიანებს აძლევს დიდ სულიერ ძალებს, გამორჩეულად კი ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულად ელოდებიან ღვთის წყალობას.” – გვიხსნის მამა გიორგი. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში, კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს დღის 2 საათზე აღევლინება ჯანმრთელობის პარაკლისი და უსასყიდლოდ გაიცემა სამკურნალო ზეთი ღვთისმშობლის კანდელიდან. ხატთან დღემდე აღესრულება სასწაულები. მრავალი ადამიანი განიკურნა, მრავალთა ავადმყოფობამ პროგრესირება შეწყვიტა.
ხატის სასწაულები
ათონის მთაზე დაცული პანტანასას ღვთისმშობელი დგევანდელ დგემდე ახდენს სასწაულს. ერთ-ერთმა ბერმა, რომელიც ამ ხატის წინაშე ლოცულობდა ჩვენებით ნახა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა და საოცარი თვისება მიიღო, რომელმაც უთხრა: - ჩემი გამოსახულებით მრავალი ადამიანი მიიღებს კურნებას და დიდ სულიერ ძალას. ჩვენების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მომლოცველი მივიდა ათენიდან, რომელიც მაგიით იყო შეპყრობილი და ხატმა თავის სიახლოვეს არ მიუშვა. იგი მიხვდა თავის დანაშაულს და ხატის წინაშე შეინანა. შენდობა ითხოვა ბერებისგან, რის შემდეგაც პანტანასას ღვთისმშობელმა მისცა საშუალება, რომ მისულიყო და ხატს მთხვეოდა. ამის შემდეგ აღთქმა დადო ამ ადამიანმა, რომ საერთოდ შეიცვლიდა ცხოვრების წესს და მართლაც შეუდგა ქრისტიანულ ღვაწლს. ბოლო სასწაული კი, რომელიც ხატის წინაშე აღესრულა ხრამში გადავარდნილი ადამიანის განკურნებაა. იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ექიმები მის გადარჩენას არც კი ვარაუდობდნენ. თუმცა ამ ხატის წინაშე დედის ლოცვის შემდეგ იგი რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან სრულიად ჯანმრთელი გამოიწერა. “ასეთი უამარავი სასწაული აღესრულება ამ საოცარი ხატის წინაშე. საოცარია ის მომენტიც, რომ უამრავი ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებული ადამიანი არის ამ ხატისგან განკურნებული. მის შესახებ სამადლობელი წერილებიც არის დაწერილი და გაგზავნილი ვატოპეტის მონასტერში. საოცარია ისიც, რომ ჩვენი პანტანასას ღვთისმშობლის ხატსაც უამრავი ადამიანი ჰყავს განკურნებული და დღემდე ამ ხატიდან წაღებული კანდელის ზეთი მრავალ ადამიანს აძლევს წყალობას, კურნებას და ის პროგრესირებადი ონკოლოგიური დაავადებები ერთ ზღვარზე ჩერდება და აღარ ვითარდება.”- ამბობს მამა გიორგი.
მონასტრის მშენებლობა
არც ისე დიდი ხნის წინ კი გადაწყდა, რომ პანტანასას ღვთისმშობლის ხატისთვის ტაძარი აგებულიყო. თუმცა მამა გიორგის სულიერ შვილებს, რამდენიმე გოგონას სურვილი გაუჩნდათ მონასტრული ცხოვრებისთვის მიეყოთ ხელი, რომლებიც გერონტა ეფრემის კურთხევით საბერძნეთში, მის მეტოქეონში, მთავარ ანგელოზთა მონასტერში (ათენიდან დაახლოებით 180 კილომეტრის მოშორებით) წავიდნენ, სადაც ისინი ბერმონაზვნულ ცხოვრების წესს სწავლობენ. როგორც მამა გიორგი ამბობს: “ჩვენი გოგონები 5 წლით არიან წასულები. უკვე წელიწად ნახევარი გავიდა და უნდა შევეცადოთ ამ პერიოდში დავასრულოთ მონასტრის მშენებლობა. საერთოდ მონასტრის მშენებლობა ასეა განსაზღვრული: შენდება ცენტრალური ტაძარი ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიძინების, ერთ მხარეს იქნება წმინდა გიორგის, მეორე მხარეს კი წმინდა ნიკოლოზის ტაძრები. მთლიან კომპლექსში კი დაახლოებით შვიდი-რვა სხვადასხვა ზომის ეკლესიებია განსაზღვრული. ამასთან საცხოვრებელი კერია თავისი ინფრასტრუქტურით. პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა შევეცდებით ცენტრალური ტაძარი ავაშენოთ, კერია საცხოვრებელი და გალავანი, შემდეგ კი ღვთის წყალობით გავაგრძელებთ მშენებლობას. ალბათ ნიშანდობლივი იქნება ის ფაქტი, რომ იქიდან დაბრუნებული დედები განსაკუთრებულად ილოცებენ იმ ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებული ადამიანებისთვის, რომელთა რიცხვიც, ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს პერიოდში ძალიან გაიზარდა.”უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონასტრის მშენებლობა შემოწირულობებით დაიწყო. როგორც ცნობილია განკურნებული ადამიანები თვითონ ხატს წირავდნენ სხვადსხვა სახის ძვირფას ნივთებს მადლიერების ნიშნად დედა ღვთისმშობლისა. როგორც მამა გიორგი ამბობს: “არსებობს ასეთი ტრადიცია. როცა რაღაც პერიოდში გარკვეული სახის შემოწირულობები დაგროვდება, მათ ვხსნით და ჩვენც გერონტა ეფრემის რჩევით დავიწყეთ მონასტრის საძირკვლის მშენებლობა. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ კეთილშობილურ საქმეს. განსაკუთრებული იმედი გვაქვს კიდევ მართლამადიდებელი ქრისტიანებისა, რომლებიც შეგვეწევიან და ხელს გაგვიმართავენ მონასტრის მშენებლობაში.”
მღვდელი გიორგი რაზმაძე
პროფესიით სტომატოლოგია. ფეხბურთსაც თამაშობდა. არასდროს უფიქრია, რომ ოდესმე სასულიერო პირი გახდებოდა, თუმცა მეგობრებთან სულიერ და რელიგიურ საკითხებზე ხშირი საუბრის შემდეგ 90-იან წლებში პირველად პეტრე-პავლობის მარხვაც შეინახა, აღსარებაც თქვა და ზიარებაც მიიღო. როგორც თავად აღიარებს: “ასე ნელ-ნელა შევუდექი ამ ცხოვრებას.” 1998 წლიდან კი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ახლა კი ფიქრობს, რომ ასეთი იყო ღვთის მოწოდება და თავადაც ღვთის ნებას დაემორჩილა: “ბევრი ადამინი მიდის უფლამდე სხვადსხვა გზით და ალბათ ჩემს ცხოვრებაშიც იყო გარკვეული მომენტი, რამაც ამ გზამდე მიმიყვანა და დამაყენა. ჩვენ ქრისტიანები ცათა სასუფევლისკენ მივისწრაფვით და ვფიქრობ ამ ქვეყანაზე ყველა ქრისტიანის მიზანი ცხონება უნდა იყოს. მართალია ძალიან რთულია ამ წუთისოფელში ცხონების გზაზე დგომა, სიარული ამ ვიწრო გზაზე, მაგრამ თუკი ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე არსებობს, ის მოკვდა ჩვენთვის და ჩვენი გულისთვის აღსდგა, ცხონების კარები გაგვიღო სასუფევლისკენ, ჩვენც უნდა გავათვითცნობიეროთ და მასთან ერთად უნდა მოვკვდეთ, რომ მარადიულობაში უფალთან ერთად ვიყოთ. მე ამის ნამდვილად მჯერა და უამრავი მაგალითიც არის, როგორც წმინდანების ისე ქრისტეს ცხოვრებაში. ამიტომ მე ყველას ვუსურვებ ამ გზას შედგომოდნენ და იტვირთონ ის უღელი, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ქვია.”
P.R. ინფორმაცია მოგვაწოდა და ვესაუბრეთ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი რაზმაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий