ქართული მედიის ლაფსუსები
აუცილებელია პიკასო გაცოცხლდეს ან პლაკატები ჩამოიხეს, რომ ჟურნალისტები გამოფენებით დაინტერესდნენ?
თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეაფასო საკუთარი თავი, ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანის აზრი უნდა გაიზიარო, ვინც შეიძლება ნაკლებად გიცნობს, მაგრამ მის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრია. მიუხედავად იმისა, რომ მედიის როლი საზოგადოებაში არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ ნდობაც მოიპოვა მას მაინც ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. რუბრიკის სტუმარი გალერეა “ჰობის” დირექტორი ვანდა მუჯირია.
ვანდა მუჯირი - არქიტექტორი, მხატვარი. 1994 წლიდან ეწევა საგალერეო საქმიანობას. სწორედ ამ წელს შეიქმნა გალერეა “ჰობი”, რომელიც 1996 წლამდე მდებარეობდა თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, მოგვიანებით კი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში გადავიდა. 1987 წლიდან დღემდე მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჰქონდა ერთი პერსონალური გამოფენა. მუშაობს მინანქარზე და მონაწილეობდა მინანქრის პირველ საერთაშორისო ბიენალეზე.
- ნებისმიერი საქმიანობის წარმატებას მედია გარკვეულწილად განაპირობებს. ამასთან წლებია უკვე ჟურნალისტებთან ვთანამშრომლობ და უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი გალერეის დაარსების დღიდან ძალიან ბევრი საინტერესო სტატია იწერებოდა. დღესაც დიდი სიამოვნებით შემიძლია გავიხსენო მწერალი ემზარ კვიტაიშვილი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველმა დაწერა ჩვენზე არაჩვეულებრივი და საინტერესო სტატია. მაშინ გამოფენებს სანთლის შუქზე ვაწყობდით, რაც ჟურნალისტებში დადებით ემოციას აღვიძებდა. თითქმის ყველა გამოფენა შუქდებოდა. ძირითადად, ბეჭვდითი მედია აქტიურობდა. თუმცა ბოლო დროს პრესა ტელევიზიებმა შეცვალა. დღესდღეობით ტელევიზიები უფრო აქტიურობენ. არ ვიცი ასეთი ცვლილება რას უნდა დავუკავშირო. იმას, რომ პრესის ფურცლებზე ძალიან პოპულარული გახდა პოლიტიკა და ამით იტვირთება გაზეთები და ჟურნალები, თუ უბრალოდ თვითონ ჟურნალისტებს აღარ აინტერესებთ ეს სფერო ან გაზეთის რედაქციას. შეიძლება დაიწეროს პატარა ინფორმაცია, რომ გამოფენა გაიხსნა, მაგრამ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი მის კრიტიკაზე და განხილვაზე. ასეთი რამ იშვიათად ხდება. ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც არ შუქდება. ალბათ, აუცილებელია პიკასო გაცოცხლდეს ან პლაკატები ჩამოიხეს... არ ვიცი რატომ, მაგრამ მედია ძირითადად ორიენტირებულია სკანდალებზე, უბედურებაზე, რაღაც საშინელებებზე. ეტყობა ეს უფრო საინტერესო და ყურადსაღებია იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ მედია ბიზნესზე მუშაობს. მთავარია გაზეთი გაყიდვადი და სკანდალური იყოს. შეიძლება საბაზრო ეკონომიკა ასეც მოითხოვს, მაგრამ მისაღები ნამდვილად არ არის.
- თქვენ კრიტიკა ახსენეთ... აუცილებელია?
- რა თქმა უნდა, თუმცა აუცილებელი არ არის, ის უარყოფითი იყოს. შეიძლება იყოს დადებითი შეფასებები, მაგრამ იყოს მსჯელობა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კი ყველას აქვს. თუმცა ჟურნალისტი უნდა იყოს კომპეტენტური. მას უნდა ჰქონდეს გარკვეული წონა ამ სფეროში, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს კრიტიკული სტატია დაწეროს. ის ამისთვის მზად უნდა იყოს. მას არა აქვს უფლება გააკრიტიკოს და უხეშად გალანძღოს მხატვარი.
- ჟურნალისტური ლაფსუსები...
- ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ხშირად მოსდით ლაფსუსები, გამოფენებს არაპროფესიონალურად აშუქებენ. ხშირად მათ წარმოდგენაც არ აქვთ სად, რატომ და რისთვის მოდიან. შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა მასალების გაკონტროლება. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტი აუცილებლად უნდა მოდიოდეს მომზადებული. უნდა იყოს გარკვეული იმ სფეროში, რომელსაც აშუქებს. ამ შემთხვევაში ხელოვნებაში, რადგან ადამიანი, რომელიც აშუქებს გამოფენას და წარმოდგენა არ აქვს ხელოვნებაზე და მხატვრობაზე, წარმოუდგენელია, რომ კომპეტენტური და კარგი სტატია დაწეროს. ელემენტარულად უნდა ერკვეოდეს ტექნიკაში. სულ ცოტა ხნის წინ პიკასოს გამოფენა თბილისში, რომ გაიხსნა, არ მახსოვს ზუსტად რომელი ტელევიზიით, მაგრამ მოვისმინე, რომ თურმე პიკასოს 40 ტილოა საქართველოში ჩამოტანილი და თან ახლდა განმარტებები - ლინოგრავიურები და ოფორტები... როგორ შეიძლება თქვა ტილო ლინოგრავიურაზე და ოფორტზე? ეს ხომ თავისთავად აბსურდია. იმისათვის, რომ ასეთ შეცდომებს თავი ავარიდოთ სასურველია ჟურნალისტი ხელოვნებათმცოდნე თუ არ იქნება, რაღაც საწყისი ბაზა მაინც ჰქონდეს. ასეთი კიდევ უამრავი შეცდომა ყოფილა. ზუსტად ყველაფრის გახსენება რთულია. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ორ გამოფენაზე იწერება სტატია, მხატვრების ნამუშევრები ერთმანეთში აურევიათ. ჟურნალისტებს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რადგან ისინი ვინც დღეს ხელოვნების სფეროს აშუქებენ არ არიან კომპეტენტურნი. მათ არ გააჩნიათ არანაირი პროფესიული განათლება და მომზადება, აბსოლუტურად სხვა სფეროდან არიან მოსულები. რა თქმა უნდა ყველა მათგანზე არ მაქვს საუბარი. არიან ერთეულები, რომლებიც ძალიან კარგად წერენ, მაგრამ ხშირად მათ სტატიებს არც ბეჭდავენ და უმუშევრებიც არიან. სამწუხაროდ არაპროფესიონალიზმი - ეს ძალიან მტკივნეულია.
- ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი თვისებები...
- განათლების გარდა, აუცილებელია შინაგანი კულტურა, რომლის გარეშეც, ვფიქრობ, კარგი სტატია არ გამოვა. ამავე დროს ჟურნალისტი ტაქტიანი უნდა იყოს. წერა უნდა იცოდეს, კარგად მეტყველებდეს და რა თქმა უნდა ინტელექტი ძალიან ბევრს ნიშნავს. ქართული ენის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. ამის საწინააღმდეგო უამრავი ფაქტი მაქვს დაფიქსირებული, როგორც ტელევიზიით, ასევე პრესაში. ხშირად მიკვირს რედაქტორებს, როგორ მოსდით ასეთი შეცდომები ან, როგორ უშვებენ ასეთ სტატიებს. მე კარგად არ ვარ შიდა სამზარეულოში ჩახედული, მაგრამ რედაქტორიც ხომ გარკვეულწილად პასუხისმგებელია. იგი მუშაობის მთელ პროცესს უნდა აკონტროლებდეს. არც ჟურნალისტმა და არც რედაქტორმა არ უნდა დაუშვან არაკორექტული საქციელი. მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ გალერეა “TMS”-ში ეკატერინე ბაღდავაძის გამოფენა მოეწყო. ერთ-ერთ გაზეთში ჟურნალისტმა მხატვრის ხსოვნა შეურაცხყო. ეს ძალიან დიდი სირცხვილია და რედაქტორმა არ უნდა დაუშვას ასეთი სახის მასალები.
- თქვენთვის მისაღები მედია...
- დღევანდელი მედია ნამდვილად არ არის ჩემთვის მისაღები. მე ვისურვებდი, რომ უფრო კვალიფიციური კადრები ჰყავდეს მედიას და მრავალფეროვანი გადაცემები კეთდებოდეს. ის, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს ამას ლაპარაკი არ უნდა. გაოგნებული ვარ იმით, რომ წამყვანები ვერ მეტყველებენ, გადაცემები ვერ მიყავთ, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ პროფესიის მიმართ. ასეთი არაპროფესიონალური და არაკვალიფიციური კადრები არ უნდა ჰყავდეთ. უნდა ხდებოდეს ჟურნალისტების მომზადება. მათ უნდა იცოდნენ ელემენტარულად, როგორ მოიქცნენ პირდაპირ ეთერში. ძალიან ხშირად უყურებ სხვადასხვა არხს, მაგრამ გგონია, რომ ერთ არხს უყურებ, რადგან ზუსტად ერთნაირი ტექსტები და სიუჟეტები აქვთ. თითქოს პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. თითოეული ტელევიზია რაღაცით უნდა იყოს გამორჩეული, თავისი ინდივიდუალური უნდა ჰქონდეს. არ ვლაპარაკობ ყვითელ პრესაზე, რომელსაც არ ვკითხულობ, თუმცა კომერციულად ბევრად უფრო მომგებიანი და გაყიდვადია. ამასთან უნდა ვთქვა, რომ მედია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ზომბირება პოლიტიკით. თუმცა ჩვენთან პირიქით ხდება, გამუდმებით უარყოფითი ინფორმაცია გვესმის, რაც ძალიან მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე. მედია, ხომ ეს არის ზემოქმედების საშუალება მასებზე...
- იქნებ სწორედ ამიტომ არის ყვითელი პრესა საზოგადოების ფართო მასებისთვის მისაღები?
- ყვითელი პრესა ყოველთვის იყო მისაღები, იმიტომ, რომ ადამიანებს უყვართ ჭორაობა, სხვისი ცხოვრება აინტერესებს. უბრალოდ მედია რეიტინგზე მუშაობს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან ადამიანმა თუ არაფერი არ იცის და კიდევ არაფერი არ მიაწოდე ის ყოველთვის იმ დონეზე დარჩება. არადა ბევრი უგემოვნო გადაცემა გადის ეთერში, რაც პირველ რიგში ახალგაზრდებს უმახინჯებს აზროვნებას. ძალიან მომწონს პროექტი “დუბლიორი”, რომელიც თავისთავად ამზადებს მომავალ თაობას, გადაცემა “პროფილი” _ პროფესიონალი ჟურნალისტია და საინტერესო თემებიც აქვს, პროექტები “ჯეოსტარი” და “ვარსკვლავების აკადემია”, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება ეძლევათ. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ძალიან მცირეა კარგი მედიის არსებობისთვის.
- აქტიური მედია საშუალებები...
- ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ გაზეთები “საქართველოს რესპუბლიკა”, “24 საათი”, ინგლისურენოვანი გაზეთები, როდესაც გახმაურებული გამოფენებია ჩნდებიან “ალია”, “კვირის პალიტრა”. გაზეთი “ასავალ-დასავალი” წლებია უკვე გამოფენების ანონს ბეჭდავს. საკუთარი ინიციატივით ძალიან აქტიურობენ რადიოები და ბევრი საინტერესო გადაცემაც აქვთ კულტურაზე. რაც შეეხებათ ტელევიზიებს ძირითადად დილის გადაცემები გვწყალობენ. აქტიურობენ ტელეკომპანიები “მაესტრო” და “ივერია”. ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის საინფორმაციო გამოშვება იშვიათად მოდის და რასაც აკეთებენ შეიძლება ისიც არ გავიდეს. ჟურნალისტებისგან ვიცი, რომ საეთერო დროში ვერ ეტევიან, რადგან პოლიტიკური თემები ყველაფერს ფარავს, თუმცა ვფიქრობ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი უნდა ჰქონდეს. მიუხედავად ამ მძიმე პოლიტიკური ფონის და მდგომარეობისა ხელოვნება ცოცხლობს და არაფერი არ გაჩერებულა. ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს, რომ არ ვიფიქროთ ყველაფერ საშინელებაზე. ამასთან რეკლამის ან სხვა სახის დაფინანსების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ ჩვენი ძირითადი რეკლამა მაინც მედიაა. კულტურას კი განსაკუთრებული მიხედვა სჭირდება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий