понедельник, 19 октября 2009 г.

კავკასიის ხალხთა ფოლკლორი
კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან დადებული ხიდი
მორიგი საჩუქარი, რომელიც კავშირმა – “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა – კავკასიურმა სახლმა” ქართველ და არა მხოლოდ ქართველ საზოგადოებას მოუმზადა არის წიგნი “კავკასიის ხალხთა ფოლკლორი”, რომელიც თავს უყრის იმ 19 პატარა წიგნს, რომლებიც 1995-2007 წლებში ამავე სახლმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცა. მასში წარმოდგენილია კავკასიის ხალხთა ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნიმუშები. როგორც თავად “კავკასიური სახლის” წარმომადგენლები აცხადებენ: “იგი ამომწურავი ვერ იქნება, მაგრამ მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის კავკასიელთა სულიერ სიახლოვეზე.”
თუმცა ველაფერი ასე დაიწყო...
1974 წელს თბილისში ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ნოდიას თაოსნობით “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია” დაარსდა. სადაც კოორდინაცია ეწეოდა ლიტერატურული ძეგლების თარგმნას. “კოლეგიის თანამშრომლების, განსაკუთრებით, ჩერქეზი ქალბატონის თამარ უჯუხუს ღვაწლის შედეგად თბილისში თავი მოეყარა ჩრდილო კავკასიის ყველა ხალხის ფოლკლორის ნიმუშებს. სწორედ ასე ინება განგებამ: კავკასიის ხალხებს ღმერთისკენ მიმავალი სხვადასხვა გზა დაუსახა, მაგრამ ის ბილიკებიც დაუტოვა, რომლითაც ერთი ხალხის სულიერი თუ მატერიალური კულტურის მონაპოვარი მეორესთან მიეტანა. ამაში კი ადვილად დარწმუნდება მკითხველი, როცა წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ იხილავს მთელი კავკასიის ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. უნდა აღინიშნოს, რომ მასალა ენობრივი პრინციპითაა დალაგებული და იგი მოიცავს ქართულ, აფხაზურ-ადიღურ, ვაინახთა ანუ ინგუშურ, ჩეჩნურ, დაღესტანის, კავკასიაში მცხოვრებ ინდოევროპულ ხალხთა და კავკასიაში მცხოვრები თურქულენოვან ხალხთა ფოლკლორს. როგორც “კავკასიური სახლის” ჩრდილო კავკასიასთან თანამშრომლობის კოორდინატორი თამარ უჯუხუ აღნიშნავს: “ასეთი უნიკალური წიგნის გამოშვების იდეა დაიბადა და თან დაიბადა საბჭოეთის დროს. როცა თითქოს არ გვქონდა საზღვრები და ყველა ერთნი ვიყავით. მაშინ მე თბილისში ვსწავლობდი და ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, მათ შორის ვინც აქ გამოუშვეს სასწავლებლად. აქ ისწავლებოდა ჩვენი ენები და კულტურა და, რა თქმა უნდა, ქართულიც უნდა მესწავლა. 80-იან წლებში არსებობდა ორგანიზაცია მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც ოთარ ნოდია გახლდათ. მათი მიზანი იყო, რომ ქართული ლიტერატურა გადათარგმნილიყო სხვადსხვა ენებზე და ასევე კავკასიაში მცხოვრები ხალხების საინტერესო ნაწარმოებები გადმოთარგმნილიყო ქართულად. სწორედ მაშინ ოთარ ნოდიამ შემოგვთავაზა გამოგვეცა კავკასიის ხალხთა ფოლკლორი. სიმართლე გითხრათ მაშინ გამიკვირდა. რადგან ასეთი წიგნი, რომ გამოცემულიყო სულ მცირე ყველა ეს ენა უნდა გვცოდნოდა. ამასთან უნდა ავღნიშნო, რომ მარტო დაღესტანში 30 ენაზე საუბრობენ და თავისთავად ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით. ამასთან მაშინ ოთარ ნოდია თავისი კოლეგიით არ იყო საკმარისი ძალა იმისთვის, რომ გამოგვეცა ასეთი წიგნი. თუმცა მიზანი მაინც დავისახეთ და გადავწყვიტეთ უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაგვემყარებინა ჩრდილო-კავკასიელ მეცნიერებთან. დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ ვიწვევდით კავკასიის ყველა კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებს და ვუხსნიდით მათ ჩვენს გადაწყვეტილებას. იყო შეკითხვები. მათ შორის დაისვა კითხვა – რატომ უნდა გამოცემულიყო ეს წიგნი მაინცდამაინც საქრათველოში? მაგრამ ჩვენ ამ სირთულეებს არ შევუშინდით. მართალია ბატონი ოთარ ნოდია გარდაიცვალა, მაგრამ ალბათ ღმერთს უნდოდა ამ წიგნის არსებობა და მისი ოცნება დღეს ასრულდა.”
და მაინც რატომ საქართველოში?
- რადგან ქართველ მეცნიერებს ჩრდილო კავკასიისადმი მჭიდრო და საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ, თბილისში დაარსდა ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სადაც მთის იბერიული ენები ისწავლებოდა. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების კათედრა გაიხსნა, სადაც ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ თავიაანთ ენებს მეცნიერულად. აქ ტარდებოდა ყოველთვის კავკასიელ ხალხთა ღონისძიებები.
ვინ ჩაუდგა ამ საქმეს ოთარ ნოდიას გარდაცვალების შემდეგ?
- მართალია ჩვენ გვქონდა რაღაც ნაწილი მოგროვილი მასალისა და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მახაჭკალაში, გროზნოში, ბაქოში, ერევანში, მაგრამ გამოცემა ალბათ მაინც შეფერხდებოდა, რომ არა “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი. მან მოახერხა და შეძლო ამ იდეის სისრულეში მოყვანა. მათ შორის ჩვენც, ვინც არ შევუშინდით უხელფასობას და მხარს ვუჭერდით ოთარ ნოდიას, გადმოვედით აქ, “კავკასიურ სახლში”, რომელიც ანდერძით სწორედ ოთარ ნოდიას გადაეცა.
რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა?
- მთავარი პრობლემა იყო, ის, რომ საჭირო იყო დედნების მოპოვება და შემდგომში უკვე ენის ცოდნა. რუსული ენიდან ქართულ ენაზე ამ საგანძურის თარგმნა არაფერს მოგვცემდა, რადგან ფაქტიურად თარგმანის თარგმანი გამოვიდოდა. ჩვენ კი გვინდოდა სიზუსტე, რისთვისაც საჭირო იყო პწკარეული თარგმანი. ამიტომ მოვიწვიეთ ყველა ენათმეცნიერი – ლეკი, ჩეჩენი, ინგუში და სხვები და ყველა ერთად ერთიანი ძალებით ვაკეთებდით ამ საქმეს. ომის დროს ფეხით გვიხდებოდა სიარული. აქ ციოდა. გათბობა არ გვქონდა, ხელთათამნებშიც კი ხელები გვეყინებოდა, მაგრამ ერთ დღესაც არ ვაცდენდით. დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ ტყუილად არ მიცოცხლია, რადგან ამ საქმით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საგანძურის გამოცემაში.
აერთოდ როგორია ფოლკლორზე მუშაობა?
- ძალიან რთული, რადგან ბევრი რამ მეორდებოდა. ამიტომ ყურადღებით იყო ყველაფერი შესასწავლი. მაგალითად, უნდა გაგვერკვია რა იყო მათ შორის საერთო და განსხვავება. პრობლემა იყო ისიც, რომ ზოგიერთი ნაწარმოები ერთ ხალხსაც ეკუთვნოდა და მეორესაც. ამიტომ საჭირო იყო გადამოწმება და შესაბამისი კრიტერიუმების გამომუშავება. საჭირო იყო დაგვედგინა რა იყო ფასეული ამ ოქროს ფონდში. მე პირადად ვთვლიდი, რომ მთელი კავკასიის განძი აქ იყო და მე მის ცენტრში ვიჯექი. ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით გაკეთდა.
ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი?
- უნდა ვაღიარო, რომ ყველა კავკასიელ მეცნიერთა უდიდესი შრომის ფასად მივიღეთ ეს უნიკალური წიგნი. მაგრამ ამის გასაკეთებლად რაღა თქმა უნდა შესაბამისი თანხები იყო საჭირო. ეს თანხები კი ნაირა გელაშვილმა მოიპოვა. იგი დაუკავშირდა გერმანიაში მეგობრებს. რის შემდეგაც ევროპულმა ფონდმა “ჰორიზონტმა” აღგვიქვა დახმარება. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ლია ჩლაიძემ, ფატიმა აბაქაროვამ, როსტომ კარეულიძემ, მაია გაიდმოვასიმ, რუსუდან ჯანაშიამ, ჯონდო ბარდაველიძემ, ასკერ გადაგატლიმ და სხვებმა. უბრალოდ შეუძლებელია ყველა მათგანი ჩამოვთვალო, თუმცა ყველას მათ “კავკასიური სახლის” სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.
როგორ ფიქრობთ ვისთვის გაკეთდა ეს წიგნი?
- უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნის საშუალებით ჩვენ ხიდი დავდეთ ამ ხალხებთან. ვფიქრობთ, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა სიმართლე ვუთხრათ და ჩვენი გულისტკივილიც და სიხარულიც გავუზიაროთ ერთმანეთს. ამიტომ იგი გაკეთდა ყველასთვის, ვისაც გვიყვარს და ვუყვარვართ, მათთვის ვისაც უყვარს ფოლკლორი, ზრაპრები და ანდაზები. აგრეთვე მეცნიერებისთვის, კავკასიოლოგებისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია, რადგან მასში არის თავმოყრილი კავკასიის ხალხთა ფოლკლორი. მასში უამრავი მარგალიტია შერწყმული, რომლებიც გაფანტული იყო კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში. ამიტომაა იგი ნამდვილი საგანძური.
აქვე ვიტყვით იმასაც, რომ მომავალში დაგეგმილია, წიგნი ითარგმნოს და გამოვიდეს რუსულ ენაზეც. “ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ქალბატონი ნაირა გელაშვილი დაგვპირდა. ის კი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს”. - აღნიშნავს თამარ უჯუხუ.
2008 წელი

1 комментарий:

  1. ძალიან მაინტერესებ იმის წაკითხვა რაც დაწერე, ბოლოსდაბოლოს ამდენი ტყვილად არ იქნება დაწერილი. მაგრამ ეს არის შეუძლებელი იმ შავი ფონის გამო რომელიც ბლოგზეა. შეგიძლია ფონი შეცვალო, დააყენო თეთრი და შრიფთი ჩვეულებრივად შავი ან მუქი ლურჯი?
    ეს აუცილებელია მკითველისათვის, იმიტომ რომ ძნელია სხვაგვარად კითხვა.

    მადლობა :)

    ОтветитьУдалить