пятница, 30 октября 2009 г.

რაც მოგივა დავითაო...
ერთი წლის უკან, უმუშევარი, რომ დავრჩი “კავკასიური სახლის” თანამშრომლებმა შემომთავაზეს ჟურნალ “ჩემი სოფელი” (მათი გამოცემაა) მეთანამშრომლა. უარი არ მითქვამს, მაგრამ თავი შევიკავე. ჯერ ერთი ჟურნალის პერიოდულობის გამო – ორ თვეში ერთხელ გამოდის და ამ დროის განმავლობაში ისიც კი დამავიწყდებოდა, საერთოდ, რომ უნდა დამეწერა, არამცთუ რა დამეწერა. მოკლედ რთულია ყოველდღიურ გაზეთში მუშაობის შემდეგ, სხვა პერიოდულობის გამოცემებთან მუშაობა. მეორეც იმიტომ, რომ ძირითადად ჩემს სოფელზე უნდა მეწერა. მე კი არ მომწონს იმ თემებზე წერა, რაც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს და ძვირფასია ჩემთვის. ანუ უბრალოდ იმაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. სწორედ ეს იყო ჩემი გაჩუმების მიზეზი შარშანდელი ომის დროს და მის შემდეგაც. მაგრამ დღეს, როცა “რუსი ღორების ლაქიას” მიწოდებენ და “ქვეყნის მოღალატედ” მაცხადებენ, იმის გამო, რომ ვთვლი ომი საქართველომ დაიწყო გაჩუმება მიჭირს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს შეურაწყოფილად ვგრძნობ, არამედ იმიტომ, რომ უფრო კარგად ვხედავ, როგორ ეშვება ჩე ქვეყანა და ერი უფსკრულში.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელი – თამარაშენი. არა, ეს არც გორის და არც ცხინვალის თმარაშენია. ამ სოფელში აგარის გადასახვევიდან ავდივართ. ალბათ სოფელი ფცა გახსოვთ. ომის შემდეგ, ამ სოფელში რამდენიმე დამწვარმა თუ აფეთქებულმა სახლმა მედია საშუალებების ყურადღებაც მიიქცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი სოფელი ერთმანეთზეა მიბმული. სოფელ ფციდან პირდაპირ ავდივართ სოფელ თამარაშენში. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ალბათ ის არის, რომ ამ სოფლებს გარშემო ე.წ. “ოსების სოფლები” (ადგილობრივი მაცხოვრებლები ასე უწოდებენ) ესაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ სოფელი თამარაშენი ამ ტერიტორიის შუა გულია. აღმოსავლეთით სოფლის თავს ვეძახით, საიდანაც უკვე ტყე იწყება. ტყის თავზე ერთ დროს ოსებით დასახლებული სოფელი იონჩა მდებარეობს. საერთოდ კი ტყიდან თამარაშენი ცხინვალთან 5 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი იონჩა შარშანდელ აგვისტოს მოვლენებამდე ფაქტიურად აღარ არსებობდა, რადგან 90-იანი წლების ომის დროს იგი განადგურდა და მხოლოდ ორი სახლი შემორჩა, თუმცა იქაც აღარავინ აღარ ცხოვრობდა.
თამარაშენში მდინარე ფრონე მოედინება, რომელიც სოფელს მოსაზღვრე სოფლებისგან ყოფს. მათ შორის სოფელ ცერონის და ავლევს. ავლევიც ჩემი ანუ დედაჩემის სოფელია. სადაც ასევე თითქმის მთელი ბავშვობა და შემდგომი პერიოდიც მაქვს გატარებული. სოფლების – ცერონისის და ავლევის გზა არის ცენტრალური, საიდანაც პირდაპირ ავდივართ ზნაურში. სხვაგვარად იქ მოხვედრა შეუძლია. ერთი რამ უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ამ სოფელს და კიდევ ბევრ მოსაზღვრე სოფლების მაცხოვრებლებს საერთო მინდვრები ანუ, როგორც თავად უწოდებენ ყანები, ვენახები და ბაღები აქვთ. კარგად მახსოვს ეს ადგილები, რადგან ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლმეურნეობა არსებობდა, ბებიას ხშირად დავყვებოდი.
ომი
ცუდად, მაგრამ 90-იანი წლების ომიც მახსოვს. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი. მაგრამ შარშანდელი აგვისტოსგან განსხვავებით მაშინ შიშს ვერ ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი მაშინაც, როცა მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა და თითქმის არ გვეძინა, ვერც მაშინ, როცა დილით ქუჩაში გამოსული ხან სახლის ღობესთან, ხან კარებთან, ხანაც სულაც ცენტრალურ გზაზე ტყვიებს და სხვადასხვა სახის იარაღს ვპოულობდით. არც მაშინ მეშინოდა, როცა სახლის აივნიდან (ჩვენი სახლი ამაღლებულ ადგილზე დგას და ორ სართულიანია), ქართველების მიერ, ოსების ცეცხლმოკიდებულ სახლებს ვუყურებდი. სამაგიეროდ ძალიან მეცოდებოდა პაპაჩემი, რომელიც აივანზე იჯდა, შეჰყურებდა, როგორ იწვოდა თავისი აშენებული სახლები და ტიროდა. პაპა მშენებელი იყო და მიმდებარე ტერიტორიებზე ყველა სახლი მისი აშენებულია. ამიტომ განურჩევლად ეროვნებისა ყველა მისი მადლიერი და მეგობარი იყო. სამაგიეროდ მხიარულობდნენ და დიდად კმაყოფილნი იყვნენ ის ადამიანები (ქართველები) ვინც ნადავლი ჩაიგდო ხელში. ტრაბახობდნენ კიდეც ერთმანეთში ვინ, როგორ და რანაირად დაწინაურდა. ამისთვის სპეციალურად სოფლის “ბირჟა” იკრიბებოდა. ყოველთვის მაღიზიანებდა, როცა მიყვებოდნენ, რას აკეთებდნენ აფხაზები 90-იანი წლების ომის დროს. მაღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ის საშინელი ფაქტები იყო, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად იგივეს აკეთებდნენ ქართველები ოსებეთან. მაგრამ ამით არასდროს არავინ არ დაინტერესებულა. წლების შემდეგ კი შარშან პირველად ვესტუმრე ჩემს სოფელს – თამარაშენს, ჩემს დასთან და დიშვილთან, ერთი წლის ელისაბედთან ერთად. ორი კვირის ჩასული არც ვიყავი ომი, რომ დაიწყო. სოფელში ჩვენი სახლიც გვაქვს, მაგრამ მამაჩემის ძმები ადგილობრივად იქ ცხოვრობენ და ამიტომ ძირითადად მათთან ვართ. საერთოდ 14 ბიძაშვილი ვართ და წარმოიდგინეთ ყველა თავისი ოჯახით, რომ მივა რა ამბავი იქნება. ჩვენც შეძლებისდაგვარდ ვისვენებდით. იმ დღესაც, 7 აგვისტოს ბევრი ვიმხიარულეთ და გვიან დავწექით. მაგრამ დაწოლა ვინ დაგაცადა. დაახლოებით 2 საათზე ცამ გათეთრება დაიწყო, ჰაერში კი გუგუნი ისმოდა. გავიგეთ, რომ ცხინვალი იბომბებოდა. დაახლოებით ნახევარ საათში ჩემი სახლის უკან ავტომატებმა კაკანი დაიწყეს, ტანკები კი ზუზუნით შემოდიოდნენ. თურმე იონჩის ასაღებად მიდიოდნენ – ამ წინადადებაზე ახლაც ისევე სიცილით ვკვდები, როგორც მაშინ იმ ღამეს. რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი იონჩაში არავინ არ იყო და არავინ არ ცხოვრობდა საერთოდ, თუმცა ტერიტორია დანაღმული იყო, ჩემს სოფელს კი 300 ჯარისკაცი იცავდა. რაც დღემდე მაოცებს ვისგან ან რისგან იცავდა და ვინ დანაღმა ეს ტერიტორიები? რა თქმა უნდა სოფელი თითქმის იმ ღამესვე დაიცალა. როგორც იქნა გათენდა. სასწრაფო დახმარების მანქანებით ორი სნაიპერი – ქართველი და ოსი, დაჭრილი ცხვირმოუხოცავი ქართველი ჯარისკაცები და ერთიც ნაღმზე აფეთქებული წაიყვანეს. ისიც საკმაოდ ახალგაზრდა, რომელიც გამწარებული კიოდა: - იმათ ტერიტორიაზე გადავედი, მე რა ვიცოდი, რომ იმათი ტერიტორია იყოო... აი კიდევ ერთი საოცრება. ვინ უთხრა იმ ბიჭს, რომ იქ ტერიტორიები დაყოფილი იყო? ადგილობრივ მოსახლეობას ის ტერიტორიები არასდროს ქონია გაყოფილი (როგორც ქართველებს, ისე ოსებს). იქ მინდვრები ყოველთვის საერთო იყო. ან ჯარისკაცმა, რომელსაც ომში უშვებ, ნუთუ ელემენტარული გეოგრაფია არ უნდა იცოდეს? ისიც თქვეს, რომ ტყის პირზე ორად გაყოფილი ადამიანების გვამები ეყარა. მეტი არაფერი მინახავს. ჩემი და და დისშვილი რუსთავში გამოვუშვი. მე ჩემს რძლებთან ერთად დასავლეთში წავედი. ბიძები და ბიცოლები სხვებთან ერთად სოფელში დარჩნენ. ხო, მართლა იმ ღამეს ახალგაზრდები, ვისაც რეზერვი ჰქონდა გავლილი ყველა წაიყვანეს.
რუსი ჯარისკაცები
ამბობენ, რომ დამნაშავენი არიან. რომ ათასგვარ საშინელებას აკეთებდნენ. მათ შორის წვავდნენ ქართულ სოფლებს. ამ ინფორმაციას ქართული მედია შარშანდელი აგვისტოს მერე თითქმის ყოველდღე ავრცელებს. მაგრამ რატომ არავინ არ ამბობს იმას, რომ ისინი ქართველ ჯარისკაცებზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ? კერძოდ: შიოდათ, წყუროდათ, ბინძურები იყვნენ... რომ ისინი მოსავლის აღებაში ეხმარებოდნენ ქართველებს თუნდაც იმიტომ, რომ საჭმელი ეჭამათ? ამასთან, არავინ არ აღიარებს იმას, რომ ქართულ სოფლებში სახლები არა რუსებმა არამედ ოსებმა დაწვეს. მაგალითად, როდესაც სოფელ ავლევიდან სიუჟეტი აჩვენეს, ითქვა, რომ სოფელმა ზარალი მიიღო. მაგრამ არავის არ უხსენებია, რომ ეს ზიანი ოსებმა მიაყენეს და რატომ. სწორედ იმიტომ, რაზედაც ზემოთ უკვე მქონდა საუბარი. ოსი ეროვნების ჯარისკაცები შევიდნენ იმ ოჯახებში, დაწვეს და დაარბიეს ის სახლები, ვინც მათ 90-იანი წლების დროს ზიანი მიაყენა. თქვენ წარმოიდგინეთ მათ სია ჰქონდათ ჩამოწერილი და წინასწარ იცოდნენ ვის სახლში უნდა შესულიყვნენ. ჩემს სოფელში – თამარაშენში ერთი თვის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში, რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.
P.R. მე, არავის არ ვიცავ და არც, არავის, არ ვამართლებ, უბრალოდ სანამ სხვების შეცდომებზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ ჯერ საკუთარზე დავფიქრდეთ და ვაღიაროთ. ქართული ანდაზაა: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო...”

Комментариев нет:

Отправить комментарий