понедельник, 19 октября 2009 г.

მუსიკით დაწყებული პროფესია
“მეუღლე ხშირად მთხოვს, რომ ვწერო და სხვისი სისულელეების კითხვას თავი დავანებო, შვილი კი მთხოვს მისი დაწერილი მასალები ხანდახან მაინც წავიკითხო”
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მედიაში ისე მოვიდნენ, რომ ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია არ აურჩევიათ, თუმცა დღეს წარმატებული რედაქტორები არიან. რუბრიკა “რედაქტორი” წარმოგიდგენთ ბიძინა მაყაშვილს.
ბიძინა მაყაშვილი – პროფესიით ფიზიკოსი. გაზეთ “24 საათის” კულტურის განყოფილების რედაქტორი. ჰყავს მეუღლე – ბიოფიზიკოსი და შვილი – ფსიქოლოგი.
- უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მედიაში საკმაოდ წარმატებული ხართ, როგორ დაიწყეთ ამ სფეოში მოღვაწეობა?
- მედიაში მაშინ მოვედი, როცა გაზეთი “7 დღე” ყველაზე წარმატებული იყო ბეჭვდით ორგანოებში. ამ პერიოდში მუსიკით ვიყავი გატაცებული, ეს უბრალოდ ჰობი იყო. მაშინ არც ინტერნეტი და არც დისკები არ იშოვებოდა. ყველაფრს ვეძებდით და ისე ვშოულობდით. ერთ ადგილას ვმუშაობდი და ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ვუზიარებდი ჩემს შეხედულებებს მუსიკაზე. მისი მეგობარი კი გაზეთ “7 დღის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელმაც შემომთავაზა თანამედროვე მუსიკაზე მეწერა. უარი ვთქვი. უბრალოდ არ მინდოდა. არანაირი სურვილი არ მქონდა. ვუთხარი კიდეც, ამ გაზეთს ისეთი მიმართულება აქვს ასეთი სახის მასალები არ გჭირდებათ-მეთქი, მაგრამ პასუხი საწინააღმდეგო მივიღე - შენ მოდი, დავილარაპარაკოთ და გაზეთს რა სჭირდება ჩვენ უკეთ ვიცითო. დავიწყე წერა და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი, გაზეთს ჩემი მასალების გამო ყიდულობდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. სამწუხაროდ დრო გავიდა და მივხვდი, რომ აღარ მაინტერესებდა ის, რასაც ვაკეთებდი. ამიტომ ავიყვანე ახალგაზრდები, რომლებთანაც ვმუშაობდი და ჩემი დახმარებით უკვე ისინი წერდნენ. მე ცოტა მიმართულება შევიცვალე და სვეტის ტიპის მასალები ავირჩიე.
- მკითხველს რა უფრო მოსწონდა, თქვენ, რომ წერდით თუ თქვენს მიერ რედაქტირებული მასალები?
- ისე არ მინდა გაიგოთ, რომ გაზეთს მხოლოდ ჩემს გამო ყიდულობდნენ. იცით, როგორ იყო, ერთი ჯგუფი ვიყავით. ჩემს ხელში იყო მათი მასალები და ერთად ვწყვეტდით რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. მაგალითს მოგიყვან. ერთმა გოგონამ, რომელიც მოვიდა ჩემთან, ბიბლიოთეკაში ნახა გაზეთი. თანამშრომლობა, რომ გადავწყვიტეთ წავიდა და იმდენად კარგად შეისწავლა ჩემი მასალები, პირველი მასალა, რომ დაწერა, რედაქციაში ჩემმა კოლეგამ მკითხა ქალის ფსევდონიმი რატომ აიღეო. თითქმის ერთნაირად ვაზროვნებდით.
- გაზეთ “24 საათამდე” ალბათ სხვა რაღაცეები კიდევ იყო...
- რა თქმა უნდა. 1998 წელს გაკეთდა ფართოფორმატიანი გაზეთი. მე ყოველთვის ასეთი ტიპის გაზეთებს ვანიჭებ უპირატესობას. ამ გაზეთში რედაქტორის, ზვიად ქორიძის მოადგილე ვიყავი, რომელიც გაზეთ “7 დღის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. იქ ნაკლებად ვწერდი, მაგრამ მოკლე ხანში სერიოზულად დავიწყე წერა. ამ გაზეთმა სამწუხაროდ ცოტა ხანს იარსება, მაგრამ თავისი კვალი მაინც დატოვა.
- ისევ მუსიკაზე წერდით?
- არა, მუსიკაზე უკვე საერთოდ აღარ ვწერდი. ვწერდი ძალიან ზოგად რაღაცეებს. მქონდა სვეტი, რომელშიც დაახლოებით ასეთი ტიპის მასალები გადიოდა, შეიძლება ვუწოდოთ მუსიკიდან ან თანამედროვე კულტურიდან დანახული უახლესი ქართული ისტორია. კვირაში ერთხელ იწერებოდა. ჩემი დრო მქონდა. ისე, კი საქმე იმდენი მქონდა წერისთვის არც მეცალა. პარალელურად ვთანამშრომლობდი ჟურნალ “სტუდიასთან”, რომელმაც 2 წელი იარსება მხოლოდ. ბევრი რამ იყო კიდევ, მაგრამ შევეცდები უფრო მნიშვნელოვანი მომენტები გავიხსენო. ვთანამშრომლობდი ინგლისურენოვან ჟურნალთან “TBILISI PAST TIME”. რომელიც საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის გამოდიოდა. ამ ჟურნალში ინგლისურ ენაზე დაიწერა ჩემი სტატია ქართველიშვილებზე, 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ისტორია პატარ-პატარა მოთხრობებში. შემდეგ ეს მასალა “24 საათში’ ქართულ ენაზე დაიბეჭდა. ასევე იყო ჯეოსელის ჟურნალი “დიალოგი”. პირველი ნომრები ჩვენ გავაკეთეთ. აქაც შეიცვალა სიტუაცია და წამოვედი. ვიყავი “ეკო დაიჯესტშიც”, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებია. შემდეგ იყო მამაკაცების ჟურნალი “პირველი”. მერე უკვე გაჩნდა გაზეთი “24 საათი” და როგორც კი გავიგე მე თვითონ დავინტერესდი, სადაც დღემდე ვარ. აგრეთვე ვთანამშრომლობ ჟურნალ “ამარტასთან” – ვარ კულტურის სფეროს კურატორი. მქონდა პატარ-პატარა ურთიერთობები ტელევიზიებთან და რადიოებთან, მაგრამ სტაბილურად არსად არ ვყოფილვარ.
-ამბობენ, რომ თქვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი მაინც გაზეთი “7 დღე” იყო, როცა მუსიკაზე წერდით.
-ფაქტიურად გაზეთ “7 დღიდან” გამიცნო საზოგადოებამ და რაღაც გარკვეული სიმართლე არის ამაში. მაგრამ მე, პირადად არის სხვა რაღაცეები რაც უფრო მეტად მომწონს. ვფიქრობ, მათზე უფრო მნიშვნელოვანი მასალები მაქვს დაწერილი. თუმცა მაშინ იმ საყოველთაო ინფორმაციული ასე ვთქვათ ვაკუუმის ფონზე ამ სფეროში ალბათ მართლა განსხვავებული იყო, რადგან ქართულ ენაზე არავინ არ წერდა.
- თქვენთვის რა უფრო მისაღებია - წერა თუ რედაქტორის სტატუსი?
- საერთოდ ზოგადად რა თქმა უნდა წერა მირჩევნია, უბრალოდ ამის დრო ძალიან ცოტა მაქვს, რასაც რეალურად განვიცდი.
- როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის რა არის აუცილებელი? - საერთოდ ძნელია ასე ცალსახად განვსაზღვროთ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ ისევ, რომელიც ხშირად გამიმეორებია სხვადსხვა ადგილას საუბრების დროს. მე ვწერდი როკ მუსიკაზე და რატომ გავხდი წარმატებული ამ სფეროში? როდესაც რაიმეს ხელს კიდებ აუცილებლად კარგად უნდა იცოდე ის თემა. მე ვიყავი მელომანი, მაგრამ არასდროს არ ვთვლიდი, რომ ყველაზე ძლიერი ვიყავი. აქ მოხდა ასეთი საინტერესო დამთხვევა: მუსიკაზე ვიცოდი ბევრი, მაგრამ არა სხვებზე მეტი. ამასთან ერთად მუსიკის მცოდნეებს შორის ყველაზე უკეთ ვწერდი. მე ასე დავარქმევდი ჩემს თავს, საუკეთესო მწერალი მელომანი და საუკეთესო მელომანი მწერლებს შორის. ეს შეიძლება ძალიან უხეში მაგალითია, მაგრამ ზოგადი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ელემენტარული წერის ტექნიკა.
- პრესაში თქვენთვის როგორი მასალებია მისაღები და საერთოდ, როგორი უნდა იყოს ბეჭვდითი მედია?
- ცოტა სუბიექტური ვიქნები. ჩემთვის მისაღებია მასალა, რომელიც გსიამოვნებს და თავს გაკითხებს. შეიძლება თემა მართლა არ იყოს საინტერესო, მაგრამ შენ ისე უნდა შეძლო მოწოდება, რომ ვიღაცას გაუჩინო ინტერესი. ახალს არაფერს ვიტყვი. ეს ცნობილი ფაქტია, რომ მედია უნდა აერთიანებდეს სამ ძირითად კომპონენტს, უნდა იყოს ინფორმაციული, არ უნდა ატარებდეს საგანმანათლებლო ხასიათს და უნდა იყოს გასართობი. ამ სამი კომპონენტიდან უნდა გამოხვიდე. ძნელია თქმა საერთოდ როგორ მასალას ვანიჭებ უპირატესობას. გაზეთში სხვადსხვა ტიპის მასალები მომწონს, უფრო ოპერატიული, რომელიც კარგად არის დაწერილი, ჟურნალში მირჩევნია ანალიტიკური, მაგარამ ისე არა, რომ დაღალოს მკითხველი. ისე მასალასაც გააჩნია, თვითონ თემასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ მოითხოვს დაწერას.
- ძირითადად რას კითხულობთ ან რას უყურებთ?
- ძალიან ცოტას ვკითხულობ და ვუყურებ. ძირითადად გაზეთ “24 საათს”, სხვა გაზეთებს არ ვკითხულობ. ჟურნალებიდან სხვადსხვა მიზეზების გამო “ანაბეჭდს” ვეცნობი, “ამარტას” და ნაკლები რეგულარობით “ცხელ შოკოლადს”. ტელევიზიებშიც არ მაქვს დიდი პრიორიტეტები, იმიტომ, რომ ცოტა დრო მაქვს. უფრო საინფორმაციო გამოშვებებს ვადევნებ თვალს და ვცდილობ, სხვადსხვა არხს ვუყურო. რის გამოც, ხანდახან არ ესმით სახლში რატომ ვუყურებ ტელეკომპანია “კავკასიის” საინფორმაციო გამოშვებას. მაინტერესებს ალტერნატიულად დანახული ერთი და იგივე ახალი ამბავი – როგორ გვაწოდებენ.
- ძალიან დიდ განსხვავებას ხედავთ?
- ყოველი შემთხვევისთვის, ჩანს პრიორიტეტები, ვინ რას ანიჭებს უპირატესობას, როგორი თვალით უყურებენ და ვისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ჩემთვის ეს ნათელია.
- რომელი საინფორმაციო უფრო მისაღებია?
- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ნამდვილი საზოგადოებრივი არხი და ყველაზე ხშირად ვცდილობ მათ ვუგულშემატკივრო.
- როგორი პერსპექტივა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს?
- ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული. საერთოდ კი, საზოგადოებრივი არხი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისათვის.
- ასეთი ალტერნატიული შეფასება ჟურნალისტისთვის აუცილებელია? -
- არა, მე ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით ვაფასებ. რა თქმა უნდა, აქვე წარმოიშობა პროფესიული, ჟურნალისტური მომენტებიც. ვფიქრობ, საჭიროა და აუცილებელი იცოდე, როგორ ფიქრობს, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანთა სხვადსხვა ჯგუფს, თუნდაც სოციალურად განსხვავებულს, გარკვეული მოვლენებისადმი.
- შეგიძლიათ დაასახელოთ წარმატებული ჟურნალისტები?
- არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყურებ, ვკითხულობ, ვუსმენ დიდი ინტერესით. ეს რაღაც სპონტანურად ხდება. ზოგი მეგობარია, რომელთა აზრიც მაინტერესებს. სუბიექტური ვიქნები, რომ ასე გამოვყო.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ ჟურნალისტებს?
- ყურადღება მიაქციონ ზოგად განათლებას, წერის კულტურას და მეტყველების მანერას. ძალიან უკმაყოფილო ვარ. რაღაც ერთი პერიოდი იყო და ახლაც გრძელდება, რომ მოდიან მედიაში ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ სწავლობენ და ჰგონიათ, რომ წერა ყველას შეუძლია. თუმცა, მოდიან დროებით, რომ მერე წავიდნენ. ასეთი დროებითი დამოკიდებულება მედიის მიმართ კი არ უნდა იყოს.
- ეს ალბათ რედაქტორების მინუსიცაა, რადგან თანამშრომლებს სხვადსხვა მიზეზების გამო იღებენ...
- მე პირადად ასე დავიწყე. არის ასეთი მუსიკოსი ფრენკ ზაპა, რომელსაც აქვს გამონათქვამი: “როკ-ჟურნალისტები არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან წერა, მაგრამ მაინც იღებენ იმ ადამიანებისგან ინტერვიუებს, რომლებმაც არ იციან ლაპარაკი და აქვეყნებენ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იციან კითხვა”, ერთხელ გაზეთ “7 დღეში” გავაკეთე განცხადება და დავწერე, ვისაც შეუძლია ამ წარმოდგენის შეცვლა დამიკავშირდეს-მეთქი. ასე მოვიდა ბევრი, ზოგი დავიტოვე, ზოგი არა. ასე, რომ გააჩნია დროს. მაგალითად ჩემი შვილი ფსიქოლოგია, შეუძლია წერა, მაგრამ ჩემთან არ მუშაობს.
- თქვენ, რომ მთავარი რედაქტორი იყოთ კადრებს რა კრიტერიუმით შეარჩევდით?
- პირველ რიგში ვნახავდი რას წერს. ძირითადად გამოცდილ ჟურნალისტებს მივანიჭებ უპირატესობას, მაგრამ კადრების განახლებაზე ყოველთვის უნდა იზრუნო. გაზეთ “7 დღეში” მქონდა ამის საშუალება, რადგან ყოველკვირეული გაზეთი იყო, ყოველდღიურში ცოტა რთულია.
- ფიზიკოსობას საერთოდ დაანებეთ თავი?
- არც ღირს საუბარი, მაგრამ ისე რაღაცეებში მაინც დამეხმარა. ლოგიკური აზროვნების უნარი შემძინა. ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა დამეწერა. იმას, რასაც ჟურნალისტებს ასწავლიან ბუნებრივად გამიჩინა ფიზიკოსობამ.
- აღიარებულია, რომ ფიზიკოსები ძალიან კარგი მუსიკოსები არიან...…
- მე არ ვარ მუსიკოსი. არ ვუკრავ არც ერთ ისტრუმენტზე, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და მაინტერსებს.
- ძირითადად როკი გიყვართ, მაგრამ სხვა მიმდინარეობებზე რას იტყვით? - როკი უფრო ახალგაზრდობიდან მიყვარდა, ახლა ყველაფერს ვუსმენ. ნეტა მოსმენის დრო მქონდეს, თორემ დიაპაზონი გამიფართოვდა.
- თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა...…
- არ ვიცი. მე უბრალოდ ისე ვცხოვრობ, როგორც ვთვლი, რომ უნდა ვიცხოვრო, მქონდეს ისეთი ურთიერთობები, როგორც შემიძლია და როგორც ვიცი. ეს თუ გარშემომყოფთათვის სასიამოვნოა, რა თქმა უნდა ძალიან კარგია..
- გარდა მუსიკისა კიდევ რა გიტაცებთ?
- ადრე ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ფეხბურთი მიყვარს. ვწერდი კიდეც, რამდენიმე მასალაც მაქვს გაკეთებული. ეს იყო უახლესი ისტორია ოღონდ ფეხბურთის პრიზმიდან დანახული. უფრო ანალიტიკური ხასიათის.
- ოჯახი ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობთ?
- მეუღლე ხშირად მთხოვს, რომ ვწერო და სხვისი სისულელეების კითხვას დავანებო თავი, შვილი კი მთხოვს მისი დაწერილი მასალები ხანდახან მაინც წავიკითხო.
2007 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий